პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში ხილის საწარმო გახსნეს"1 400 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია და კიდევ ერთი ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, - სუბლიმირებული ხილის საწარმო - "გემუანი" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გახსნა. საწარმოში, რომელიც წლიურად 250 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილის გადამუშავებას უზრუნველყოფს, 30 ადამიანია დასაქმებული.

პროდუქციის რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე - საექსპორტო ბაზრებზე.

“საწარმოს წინასწარ აქვს შეკვეთები იმ პროდუქციის პრაქტიკულად 100%-ზე, რომელსაც მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაამზადებს“, – აღნიშნა დღეს მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა.

”გემუანმა” ხილის გადამუშავების ახალი ტექნოლოგია სახელმწიფოს, USAID/REAP-ის და ბაზის ბანკის დახმარებით დანერგა. ახალი ტექნოლოგიით, ქართული ხილი, სპეციალური წესით დამუშავების შედეგად, ინარჩუნებს ვიტამინებისა და მიკროელემენტების 98%-ს, ასევე ფერს, ფორმასა და არომატს.

კომპანიის საექსპორტო ბაზრები ახლო აღმოსავლეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და რამდენიმე ევროპული ქვეყანაა.

საწარმოს პროდუქციას 150-ზე მეტი მცირე და საშუალო ფერმერი აწვდის.

კომპანია, უახლოეს მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტის - ISO:22000-ს აღებას გეგმავს.